medianews.ge
მართმადიდებელთა კრებული საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს სამი სააღმსარებლო მოთხოვნით მიმართავს და აღნიშნული მოთხოვნების უპირობო შესრულებას, არაუგვიანეს 2011 წლის სექტემბრის თვისა, ითხოვს.
მართლმადიდებელთა კრებული ხელისუფლებისგან ითხოვს, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის სტატუსი და პრივილეგიები სხვა ქვეყნებმაც აღიარონ. კერძოდ, საზღვარგარეთ არსებულ ძველსა და ახალ ქართულ ტაძრებზე: თურქეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ევროპაში, რომლებსაც ჩვენგან აქვთ სტატუსი მინიჭებული და სარგებლობენ განსაკუთრებული პრივილეგიებით, მათაც თავიანთ ქვეყნებში მსგავსი უფლებები უნდა დაგვიკანონონ.
,,წინააღმდეგ შემთხვევაში ცალსახად მიღებული სხვა რელიგიებისადმი იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების კანონი სასწრაფოდ უნდა გაუქმდეს, როგორც ფსევდო-დემოკრატიული, მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრიმინაციისა და მართლმადიდებელთა უფლებების შემლახველი კანონი”- აღნიშნულია მართლმადიდებელთა კრებულის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.
მართლმადიდებელთა კრებული მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქვეყნებისა და რელიგიების წარმომადგენლებთან უნდა დაიწყოს აკადემიური მოლაპარაკებები, საკითხის სამართლიანად გადაწყვეტისათვის, ასევე უნდა გამოიძიონ საქართველოში სხვა რელიგიათა საქმიანობა ხომ არ ეწინააღმდეგება ის ქვეყნის ინტერესებსა და ტრადიციებს.
მართლმადიდებელთა კრებულის მეორე მოთხოვნა საქართველოში მიღებული ელექტრონული მმართველობის კანონპროექტის საფუძველზე, ელექტრონული ID საბუთების გაცემას ეხება.
კრებული ხელისუფლებას აღნიშნული ელექტრონული საბუთების, `როგორც ადამიანის მაკონტროლებელი და მისი უფლებების შემლახველი საბუთის~, გაუქმების მოთხოვნით მიმართავს.
,,ან სულ მცირე აქამდე არსებული ალტერნატიული საბუთების გზა დაუტოვონ მოქალაქეებს, რათა ნებაყოფლობით ჰქონდეს მოქალაქეს არჩევანი და არა იძულებით!”- აღნიშნულია მართლმადიდებელთა კრებულის მიმართვაში.
კრებული ხელისუფლებისაგან ასევე ითხოვს, მაცხოვრის სასწაულთმოქმედი ხელთუქმნელი ანჩისხატი დაუბრუნდეს ტაძარს, ასევე სასწრაფოდ დაიწყოს არსებული სახატის პროექტზე მუშაობა, დაცვის პირობების გათვალისწინებით და გაიცეს სათანადო გადაწყვეტილება მისი `სამუზეუმო ტყვეობიდან გათავისუფლების შესახებ~.
მართლმადიდებელთა კრებულის განცხადებით, თუ სექტემბრის თვეში ეს მოთხოვნები არ იქნება შესრულებული, ისინი ხელისუფლებას სცნობენ, როგორც მართლმადიდებელთა დისკრედიტაციის ხარჯზე სხვა რელიგიათა ხელშემწყობ მთავრობას. ხელისუფლებასთან შუამდგომლობას კი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და სასულიერო პირებს სთხოვენ.