ოჯახის ექიმის დღიურიდან » ახალი 7 დღე

„ახალი 7 დღე“ • საზოგადოებრივ - პოლიტიკური ინტერნეტგაზეთი • ინფორმაცია - ყოველდღიური, ანალიზი - ყოველკვირეულიs





ოჯახის ექიმის დღიურიდან საზოგადოება
19-03-2010, 17:08
ია ნინიაშვილი
თეიმურაზ ჟორდანია

2008 წლის მარტი იდგა. პოლიკლინიკის მთავარმა ექიმმა დილის თათბირზე დაგვიძახა – პროექტის „ოჯახის ექიმისა“ და მინისტრის განცხადების გასაცნობად. მახსოვს, ბევრი ვისაუბრეთ მაშინ ამის შესახებ. მე თვითონაც არ ვიცი რატომ, მაგრამ ბატონ ვლადიმერს თითქმის დაუფიქრებლად ვთხოვე, თუ შეიძლება, ერთ–ერთი პრეტენდენტი „ოჯახის ექიმობისა“ მე ვიქნები–მეთქი. სათვალის ზემოდან გადმომხედა და გამომცდელად მკითხა: „მერე და, შეძლებ?“ რასაკვირველია–მეთქი. „მოკლედ, პიონერივით სულ მზად ხარ“, – გადმომიჩურჩულა ნანამ, რომელიც ჩემს გვერდით კაბინეტში მუშაობდა.

სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ განაწილებით (უფრო სწორად კი, ჩემი სურვილით) ხარაგაულის სოფელ ზვარეში აღმოვჩნდი. ექვსი წელიწადი ვმუშაობდი სოფლის ამბულატორიაში და ყველაფრის ექიმი მე ვიყავი, პედიატრიული პროფილის მიუხედავად. გამოცდილების იმედი მქონდა.მერე, როცა პირველი გამოძახება მივიღე, ვიფიქრე: ხომ არ ავჩქარდი–მეთქი... ზარი იმ ოჯახიდან იყო, რომლის ბავშვებიც ჩემი უბნის „შვილობილები“ იყვნენ. ქეთიმ, ბავშვების დედამ, როგორც სჩვეოდა, განგაშით სავსე ხმით გამომიძახა: „ყველა რაღაცას იტკივებს, აღარ შემიძლია, მოგვხედე რა...“

მთელი ოჯახი სასტუმრო ოთახში დამხვდა. ათი წლის ნიკა, ჩემი „შვილობილი,“ დივანზე იწვა და კვნესოდა. 17 წლის ანას ხელსახოცი აეფარებისა სახეზე და ხან ცხვირს იხოცავდა, ხან თვალებს იწმენდდა. მაგიდაზე გლუკომეტრის ჩხირები და წნევის აპარატი ეწყო. ბავშვების ბაბუა საფეთქლებზე იჭერდა ხელს, ხოლო დიდი ბებია ბამბის წინდებს ხელჯოხის დახმარებით გამალებით იწევდა ქვევით, რათა თავისი კოკსართროზითა და ვენური უკმარისობით დაზიანებული ფეხები ეჩვენებინა ჩემთვის. ქეთიმ პატაკი ჩამაბარა:

– ნიკას წიხლი მოხვდა კუჭთან, ფეხბურთის თამაშისას, ანას ისევ ალერგია დაეწყო... ხელსახოცი მოიხსენი, დე...
ანამ ხელსახოცი ჩამოიწია და ცხვირსა და ლოყებზე გადაჭიმულმა პეპელამ წითლად გამოანათა.
– გურამს ამ გაზაფხულის ქარებმა ისე აუწია წნევა, რომ კაპტოპრილიც აღარ შველის. ბებია ლელის ღამღამობით საერთოდ აღარ ძინავს და ძალიან აღგზნებულია. წუხელ მთელი ღამე ბოდავდა: „ნეტავ, სულ არ ამომეღო ხმაო“... მიშველე რა.

ანასთვის ვიცოდი, რაც უნდა დამენიშნა – ეს მისი ყოველწლიური, გაზაფხულის ალერგია იყო, მაგრამ პეპელა ძლიერ გამღიზიანებელზე მიმითითებდა. საფიქრალი ის იყო, ალერგენი ოჯახური გარემოს ნაწილს სადღაც, გარეთ, „მოპოვებულ“ თამბაქოს კვამლს წარმოადგენდა თუ ბიბლიოთეკის მტვერს. ნიკას ხელით გასინჯვას კი არავითარი აზრი არ ჰქონდა. ტკივილი მაინც ექნებოდა და ეს ტკივილი არაფერს მეტყოდა დაზიანების შესახებ.

– როდის დაემართა?
– საათნახევრის წინ, სპორტულ დარბაზში.
– ტკივილმა იმატა თუ იკლო?
– ცოტა იკლო, მაგრამ წამოჯდომისას მაინც ძალიან სტკივა.
ნიკას თავზე ხელი გადავუსვი. საცოდავად დაიჭყანა. წამოდგომა სცადა და ისევ მიწვა, ტკივილისგან ძალაგამოცლილი.

– ერთი–ორი საათის განმავლობაში ასე იწვეს. დააკვირდი, ღებინება არ დაეწყოს ან დეფეკაციისას სისხლი არ გამოჰყვეს. რბილი საჭმელი მიეცი – ფაფა, ტყუილი სუპი... თუ რამე უარესობისკენ შეიცვალა, დამირეკე და ექოსკოპიაზე ერთად წავიყვანოთ. ჩვენს ქირურგსაც ჩავრთავ საქმეში. ბატონ თემურს ხომ იცნობ? წინათ როგორ დაგამშვიდა...ახლა ბატონ გურამთან გადავინაცვლეთ. მიახლოებისას ვიეტნამური მალამოს მძაფრი სუნი მეცა. საფეთქლები უპრიალებდა. თვალებთან ნაოჭები ჩაღრმავებოდა – როგორც ჩანს, ჩვევად აქვს თავის ძლიერი ტკივილისას თვალები დახუჭვა. წნევის აპარატი 180–ს 100–ზე უჩვენებდა, მკაფიოდ გამოხატული გულის ტაქიკარდიული რიტმით.

– თუ კაპტოპრილი არ შველის, მაშინ კონკორი ან რაიმე შარდმდენი ვცადოთ ერთჯერადად და ხვალ დილიდან კომპლექსური მკურნალობა დავიწყოთ: დილით ერთი ტაბლეტი ნოლიპრელ ფორტე, სადილის შემდეგ კარდიომაგნილი 150–იანი და საღამოს ზოკორი ან ზო–20. ასევე პრედუქტალი ემერი – დღეში ორჯერ, დილა–საღამოს. კონკორი ხვალიდან თანდათან მოვუკლოთ. უეცარი მოხსნა არ შეიძლება. ხომ არ ნერვიულობთ, ბატონო გურამ? ჯანმრთელი კაცი ხართ, წნევამ როგორ შეგაშინათ? თუ ნერვიულობთ, ერთჯერადად ვალიუმიც დავლიოთ – წნევასაც დაწევს და დაგამშვიდებთ კიდეც...

– ნიტროგლიცერინი აიხირა, – მითხრა ქეთიმ.
– ნიტროგლიცერინი ნამდვილად არ სჭირდება... რაც სჭირდებოდა თავის ტკივილის მოსახსნელად, ის უკვე გაუკეთებია – „ზალატაია ზვეზდა“ წაუსვამს, – შევუქე თერაპიული მიდგომა ბატონ გურამს.

ვიცოდი, ბებია ლელი ძალიან გავანაწყენე ჩემი უყურადღებობით. ვიდრე ქეთის ვესაუბრებოდი, ბებია გაუთავებლად ლაპარაკობდა, – რომ 21 ბავშვი აიყვანა, რომ ეს ბავშვები მუდამ ავად იყვნენ, ზოგს დიზენტერია ჰქონდა, ზოგს – ბოტკინი, ზოგი იწამლებოდა და ზოგს კი სკოლიდან თუ ბაღიდან ნაირ–ნაირი ვირუსები მოჰქონდა. „კიდევ როგორ ვარ ცოცხალი“, – შეაჯამა თავისი გამოსვლა ბებია ლელიმ. ძალიან ლამაზი და ტკბილი მოხუცი იყო, მაგრამ მის ქრონიკულ ვენურ უკმარისობას საბოლოოდ ვერ განვკურნავდი.

– დეტრალექსი გავაგრძელოთ, კარგი? ფეხებზე ესკუზანის მალამოც ეფექტური იქნება. დასამშვიდებლად ლექსოტანილი მიეცი ან ქსანაქსი ძილის წინ.[/b]
– მეც მირჩიე რამე, – ქეთის დამშვიდება ეტყობოდა ხმაში, – სამასი წვეთი ვალერიანი უკვე აღარ მშველის.
– თუ ძალიან გინდა, რამე გამოგიწერო, – გრანდაქსინს გიწერ, – ჩანთა გავხსენი და ერთი აბი გრანდაქსინი გავუწოდე, – მეც ვსვამ ხოლმე... შენ გგონია, ექიმებს წამლები არ გვჭირდება?

ქეთი სააბაზანოსკენ გამიძღვა. ხელი დავიბანე. მერე გასამხნევებლად გავუღიმე:
–იმ პაციენტს კი, რომელიც შინ არ დამხვდა, ჩემგან გადაეცი, რომ დიეტა დაიცვას და სიოფორის მიღება არ დაავიწყდეს დღეში ერთხელ, ხომ გახსოვს?
... ვიცი, რომ ამ ოჯახში ბავშვებს ექიმებით არ აშინებენ. პირიქით, ქეთის ზედმეტადაც უყვარს ექიმი. მისი შვილები დაბადებიდანვე ჩემი შვილობილები იყვნენ. მათი ანკეტები თავიდანვე ჩემს უბანზე გაიხსნა. მახსოვს მათი აცრები და მათიკო ექთნის ოთახიდან ატირებული ანას გამოყვანა. ადრე ბატონი გურამი და ბებია ლელი უბრალოდ ჩემი ვიზიტის დაამსწრეები იყვნენ. ახლა ისინიც ჩემები არიან.

 
ასევე:

ვიდეომაუწყებელი
მწვავე საუბარი







სიახლეები
ანალიზი
პოლიტიკა
ეკონომიკა
ბლოგები
კულტურა
მართლმსაჯულება
მედია
სპორტი
ჟურნალისტური გამოძიება






დაგვიკავშირდით
ყველა უფლება დაცულია © Copyright 2010. 7 დღე