მზეო ხუციშვილი 
საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ლიტერატურათმცოდნე ნოდარ გრიგალაშვილმა საჯარო ლექცია წაიკითხა. ლექციაზე აქცენტი ავტორის ახალგამოცემული წიგნის იმ ნაწილებზე გაკეთდა, რომლებშიც ილია ჭავავაძის მკვლელობის დეტალებია გადმოცემული. ნოდარ გრიგალაშვილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის მკვლელობის, მისი დამკვეთებისა და ორგანიზატორების შესახებ ახალ ვერსიას გვთავაზობს. „ორტომეულზე ლაპარაკი ერთ ლექციაში შეუძლებელია, ამიტომ მოკლედ ვიტყვი იმას, რაზეც პირველ ტომშია საუბარი, შემდეგ კი ილიას მკვლელობის ვერსიებზე ვისაუბრებ. წიგნი ორი ნაწილისგან შედგება. პირველია „ილიას წუთისოფელი“, ხოლო მეორე - თუ რა ხდება მისი სიკვდილის შემდეგ... პირველი ტომი არის საგა, ერთი მხრივ ჭავჭავაძეთა ოჯახისა, მეორეს მხრივ - გურამიშვილთა ოჯახისა... საერთოდ, ძნელია იმ ფაქტებსა და მოვლენებზე წერო, რომლებიც ყველასთვის ცნობილია, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ბევრი რამ არის საკვლევი და ბურუსით მოცული. მე ვცდილობდი, ყურადღება ისეთ ფაქტებზე გამემახვილებინა, რაც საზოგადოებისთვის უცნობია...“ - ამბობს ნოდარ გრიგალაშვილი.
შემდეგ ავტორმა პაატა ჭავჭავაძის შთამომავლებზე ისაუბრა, რომელთაგან ილია მამრობითი სქესის უკანასკნელი წარმომადგენელი იყო. მისი სიკვდილით ჭავჭავძეების საგა დასრულდაო, გვითხრა ნოდარ გრიგალაშვილმა, გურამიშვილების დიდი გვარის ტრაგიკული ისტორიაც გაიხსენა, და ილიას მამულებზეც მოგვახსენა: „ჩვენ რომ ვფიქრობთ, ილია საგურამოს მამულების პატრონი იყო, წვრილშვილი არ აწუხებდა... სინამდვილეში ილიას საკუთარი მემკვიდრე რომ დარჩენოდა, მას ალბათ, ვალებში ამოხდებოდა სული, რადგან ილიას მთელი ქონება ბანკში დარჩა დაგირავებული და მისი სახლი, მიუხედავად იმისა, რომ წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უანდერძა, ვერ გამოისყიდეს. მისი სახლ-მუზეუმის აღდგენა გიორგი ლეონიძემ მხოლოდ 1952 წელს შესძლო, მანამდე საგურამოში კერძო პირები ცხოვრობდნენ. ილიას არაფერი არ დარჩა, იგი ღარიბ კაცად მოკვდა, ამ დროს კი 26 მილიონი ოქროს თუმანი საქართველოს დამოუკიდებლობას დაუტოვა მისმა დისშვილმა - კოტე აფხაზმა. ბანკის მთელი ქონება საქართველოს დარჩა და, როგორც რევაზ გაბაშვილი იგონებს, ამ ფულმა შექმნა დამოუკიდებელი საქართველოს ბიუჯეტი... ამ სიტყვებიდანაც ნათელია, ვისთან და რა კაცთან გვაქვს საქმე...“ - ამბობს ნოდარ გრიგალაშვილი.
ლექცია დამსწრე საზოგადოებისთვის საინტერესო აღმოჩნდა, თუმცა ყველას მაინც ერთი რამ აინტერესებდა - ვინ იყო იდუმალი „იმერელი“, რომელსაც ილიას მკვლელობა დაავალეს. ნოდარ გრიგალაშვილი ილიკო იმერლიშვილს ასახელებს, რომელიც ილიას მკვლელობის ბანდის მეთაური უნდა ყოფილიყო.
„იგი „ტყის ძმების“ უფროსი იყო და ბოლშევიკებმა ილიას მკვლელობაც სწორედ მას დაავალეს. იმ დროს ჭავჭავაძის მკვლელობას ვერც იმერლიშვილი, ვერც ფილიპე მახარაძე და ვერც ერთი მაშინდელი ბოლშევიკი ვერ გადაწყვეტდა, ვერც იოსებ სტალინი და ამის დოკუმენტი ჩვენ გვაქვს. ეს არის ბოლშევიკებისა და მენშევიკების მეხუთე, ლონდონის ყრილობა, რომელმაც დაადგინა, ჩვენთან შეთანხმების გარეშე კაცი აღარ მოკვდეს და ბანკის ექსპროპრიაცია აღარ მოხდესო... ეს პატარა დადგენილება არ არის. ბოლშევიკის დადგენილებას თუ არ დაემორჩიელბოდი, მოგკლავდნენ. მისი არშესრულება არ შეიძლება, ეს სტალინის მაგალითზეც გამოჩნდა: 1907 წლის ივნისში ბანკი გაიძარცვა, კამომ ფული წაიღო და ლენინს 250 ათადი მანეთი ჩაუტანა. მაგრამ ჟორდანიამ კამოს კი არ უჩივლა, არამედ სტალინს, ვინაიდან კარგად იცოდა, რომ შეიარაღებული რაზმების ბელადი სწორედ ჯუღაშვილი იყო. ლენინი რომ არა, არ ვიცით, სტალინს რა ბედი ელოდა... მაგრამ ბანკის გაძარცვა რა მოსატანია ილიას მკვლელობასთან, რომელიც სახელმწიფო საბჭოს წევრი იყო და მსოფლიო იცნობდა. თავისთავად, მისი სიკვდილის გადაწყვეტა აქაურ წვრილმანობას არ შეეძლო...“ - გვითხრა ნოდარ მგალობლიშვილმა.
აქვე ვიტყვით, რომ ნოდარ გრიგალაშვილის მიერ გამოკვლეულ ილიას წუთისოფელში არაერთი ახალი ვერსია და ილიკო იმერლიშვილის შესახებ მოძიებული დეტალები არსებობს.