5-07-2012, 16:40
როგორც "მედიანიუსი" იუწყება, დღეს საპატრიარქოსთან, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდის კრების პარალელურად, მართლმადიდებელთა საორგანიზაციო კრებულის ორგანიზებით, ალტერნატიული საბუთების მოთხოვნით მართლმადიდებელთა შეკრება გაიმართა.
აქციაში სასულიერო პირები და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირიც მონაწილეობდნენ.
`კონტროლის შემცველ ჩიპიან მოწმობებზე _ ადამიანის უფლებისა და ღვთივბოძებული ნების ხელყოფის საშიშროების გამო, როგორც მართლმადიდებელმა ქვეყნებმა, აგრეთვე ევროპის სხვა ქვეყნებმაც განაცხადეს პროტესტი: საფრანგეთმა, ინგლისმა, გერმანიამ, საბერძნეთმა, უკრაინამ, მოლდოვეთმა... უცხოელმა იურისტებმა ეს პროცესი სათანადოდ შეაფასეს, როგორც ,,ადამიანის უფლებების ტოტალური დაპყრობა”. ეს უმნიშვნელოვანესი თემა საქართველოშიც სათანადოდ უნდა შეფასდეს. მრევლში შეგროვდა ხელმოწერები ალტერნატიული მოწმობების გაცემისა და ახალი ელექტრონული მოწმობების ნებაყოფლობით აღებასთან დაკავშირებით; აგრეთვე, რომ სახელმწიფოში ყველგან შენარჩუნდეს ფულადი ერთეულით გადახდა.
იმედია, ხალხის მოთხოვნა დაკმაყოფილდება და მოქალაქეები საკუთარი ქვეყნისგან გარიყულნი არ აღმოჩნდებიან~, _ ~, განუცხადა `მედიანიუსს~ მართლმადიდებელთა საორგანიზაციო კრებულის ხელმძღვანელმა ზაზა ნანობაშვილმა.
მართალმადიდებელ მშობელთა კავშირის წარმომადგენელთა თქმით, ისინი მოითხოვენ, რომ შეიქმნას ელექტრონული ბარათის ალტერნატიული საბუთი, რადგან მრწამსისა და შეხედულებების შესაბამისად, შემდგომში არ შეიქმნას პრობლემები იმის გამო, რომ ისინი უარს ამბობენ ჩიპიანი პასპორტების აღებაზე.
აქციის მონაწილე, დეკანოზმა დავითმა კი აღნიშნა, რომ ჩიპიანი პასპორტი არის ადამიანის დემოკრატიული უფლებების შელახვა და კონტროლი.
„ჩვენ წინააღმდეგი ვართ ბიოპასპორტებისა, ვინაიდან ჩვენ ამას პირდაპირ ვუწოდებთ ანტიქრისტეს სტანდარტების დანერგვას. ჩვენთვის მიუღებელია ეს და იმედი გვაქვს ეკლესია სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს“, _ განაცხადა მშობელთა კავშირის თანათავმჯდომარემ ავთანდილ უნგიაძემ.
აქციას მოგვიანებით შეუერთდა საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ აიდი ბარათების გამოყენების შესაძლებლობა მთლიანად გამორიცხავს ალტერნატიული ბარათებით სარგებლობის შესაძლებლობას, რაც არის ადამიანის ფუნდამენტალური უფლებების ხელყოფა.
მისი თქმით, ადამიანი, რომელიც იბადება, სახელით და გვარით ენიჭება პირადობის ნომერი და ეს საკმარისია მისი იდენტიფიცირებისათვის. ელექტრონული ბარათების თავს მოხვევა, ეს არის ძალადობა ადამიანის თავისუფალ ნებაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ ინტეგრირებული ერთიანი ბარათი 30 ლარი ღირს, რაც უფრო ძვირია, ვიდრე დევნილის შემწეობა.
„ჩვენი ხელისუფლება ახდენს მანიპულირებას ელექტრონული ბარათებით და რეალურად თავს ახვევს ადამიანებს. ადამიანის თავისუფალ ნებაზე ხორციელდება პირდაპირი ზემოქმედება სახელისუფლებლო შტოს მხრიდან“, _ განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
იგი იმედს გამოთქვამს, რომ გადაწყვეტილება სინოდის განჩინებისა გადაწყდება ისე, როგორც ჩვენს სულიერებას სჭირდება.
სინოდის სხდომა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.